ვაგნერის ჯგუფი

გავრცელდა კიდევ ერთი ყოფილი ვაგნერელის, სავარაუდოდ, უროთი სიკვდილით დასჯის კადრები

დმიტრი იაკუშენკო უკრაინელების ტყვეობაში

სოციალურ ქსელებსა და მედიაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ყოფილი ვაგნერელის უროთი სიკვდილით დასჯის კადრები გავრცელდა.

კადრები, ისევე როგორც აქამდე მოკლული ევგენი ნუჟინის შემთხვევაში, კვლავ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფმა პრორუსულმა ტელეგრამ-არხმა, Grey Zone-მა გაავრცელა.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, კადრებში ჩანს დმიტრი იაკუშენკო, ვაგნერის ყოფილი მებრძოლი, რომელიც, აქამდე მოკლული ნუჟინის მსგავსად, უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა. ასევე, ვიდეოს აღწერაში ნათქვამი იყო, რომ იაკუშენკო ვაგნერის მიერ რეკრუტირებული პატიმარი იყო, რომელსაც მისჯილი ჰქონდა თავისუფლების 19 წლით აღკვეთა ყირიმში ჩადენილი ძარცვისა და მკვლელობის გამო. პრორუსული ტელეგრამ-არხის მიხედვით, ის რეკრუტირებიდან 4 დღეში "მტრის მხარეს გაიქცა". ისევე როგორც ნუჟინის შემთხვევაში, დმიტრი იაკუშენკოც უკრაინელების ტყვეობაში ყოფნის დროს მედიას მასთან ჩაწერილი ჰქონდა ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდებოდა.

ადამიანი, რომელსაც ვიდეოში სავარაუდოდ კლავენ, ამბობს, რომ ქალაქი დნეპრის ქუჩაში თავში საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც გონება დაკარგა და გაიღვიძა შენობაში, სადაც ვიდეოს გადაღების დროს იმყოფებოდა. კადრებში კაცი კედელზეა მიბმული.

"გავიღვიძე ამ შენობაში, სადაც მითხრეს, რომ გამასამართლებდნენ". – ამბობს ის, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, თავში უროს ურტყამენ. გავრცელებულ ვიდეოში კადრები ნაწილობრივ დაფარულია, თუმცა ჩანს, როგორ ეცემა კაცი, რის შემდეგაც უროთი შეიარაღებული პირი საგანს მას კიდევ ორჯერ არტყამს. 

ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსულ მედიას ვიდეოსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ სურვილის შემთხვევაში, მომდევნო სერიას გააზიარებდნენ. ამ პასუხის გამოქვეყნებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, დმიტრი იაკუშენკო თითქოს ცოცხალია და ამბობს, რომ ის "შეიწყალეს", უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ გამოტანილი ინფორმაციის გამო.

ამ დრომდე დამოუკიდებელი წყაროებით შეუძლებელია დადგენა ცოცხალია თუ არა დმიტრი იაკუშენკო.


გასულ წელს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ვაგნერის ყოფილ მებრძოლს, ევგენი ნუჟინს, რომელიც უკრაინის მხარეს იყო გადასული, უროთი კლავენ. ჩანაწერი ვაგნერთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა, GREY ZONE-მა გაავრცელა, სათაურით – შურისძიების ჩაქუჩი.

კადრებს გამოეხმაურა პრიგოჟინი, მან ნუჟინს მოღალატე უწოდა და დანაშაული შეფასა, როგორც "ძაღლური სიკვდილი".

"ისტორიის ყურება თეატრში მირჩევნია.  რაც შეეხება უროდარტყმულს, ამ შოუში ჩანს, რომ მან უკრაინაში ბედნიერება ვერ იპოვა, სანაცვლოდ შეხვდა ბოროტ, მაგრამ სამართლიან ხალხს. მგონი ამ ფილმს "ძაღლს ძაღლური სიკვდილი" ჰქვია. მშვენიერი რეჟისორული ნამუშევარია, ერთი ამოსუნთქვით შეიძლება ყურება. იმედი მაქვს, გადაღების დროს არც ერთი ცხოველი დაშავებულა". – ამბობდა პრიგოჟინი. 

აღსანიშნავია, რომ აღწერა, რომელიც GREY ZONE-მა ვიდეოს დაურთო, ეხმაურება კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მიერ წარსულში სირიაში ჩადენილ დანაშაულს, რომლის კადრებიც 2017 წელს გავრცელდა. კადრებში სირიელ კაცს რუსულენოვანი შეირაღებული პირები ჯერ უროთი სცემდნენ, შემდეგ თავი და კიდურები მოაჭრეს, ბოლოს კი სხეული დაწვეს. როგორც მომავალში გაირკვა, მსხვერპლი მუჰამედ ტაჰა ალ ისმაილ აბდალა იყო, რომელსაც ბრალად ედებოდა სირიის ჯარიდან დეზერტირობა. ასევე ვიდეოჩანაწერში ჩანდა კიდევ ერთი მოკვეთილი თავი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა.

კომენტარები