შოტლანდია

შოტლანდიის ყოფილი პრემიერმინისტრი პარტიის ფინანსების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს

ნიკოლა სტარჯონი
Kirsty O'Connor/PA Images/Getty Images

შოტლანდიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ნიკოლა სტარჯონი შოტლანდიის პოლიციამ დააკავა გამოძიების ფარგლებში, რომელიც შოტლანდიის ნაციონალური პარტიის (SNP) დაფინანსების საქმეს ეხება. პრემიერობის გარდა, სტარჯონი SNP-ს თავმჯდომარეც იყო.

გამომძიებლები იკვლევენ თუ რა ბედი ეწია 666 954 გირვანქა სტერლინგს, რომელიც 2017 წელს დამოუკიდებლობის მხარდამჭერებმა შეაგროვეს და შესაბამისი კამპანიისთვის SNP-ს გადასცეს. გამოძიება ამ საქმეზე 2 წლის წინ დაიწყო.

სტარჯონს პოლიციელები კითხავენ. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება მოჰყვა აპრილში მისი ქმრის დაკავებასა და გათავისუფლებას. ქმარი, პიტერ მიურელი ასევე SNP-ს ყოფილი ლიდერია. მაშინ, 5 აპრილს პოლიციელებმა სტარჯონის სახლი და SNP-ს სათავო ოფისი გაჩხრიკეს. სტარჯონის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერმა გამოძიებასთან თანამშრომლობის თანხმობა გამოთქვა.

ამას გარდა, გასულ თვეებში პოლიციამ დააყადაღა 110 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების სახლი-მანქანა, რომელიც დანფერმლაინში, მიურელის დედის სახლთან იდგა.  ასევე, დააკავეს SNP-ს ხაზინადარი, კოლინ ბიტი, რომელიც ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს მანამ, სანამ გამოძიება გრძელდება. ამ შემთხვევის შემდეგ ბიტიმ თანამდებობა დატოვა.

2016 წლის შოტლანიის სისხლის სამართლის აქტის მიხედვით, პოლიციას შეუძლია ეჭვმიტანილი დააკავოს და გაათავისუფლოს მანამ, სანამ გამოძიება გრძელდება, თუმცა შესაძლებელია მომავალში მათი ხელახალი დაპატიმრება. 

სტარჯონი შოტლანდიის პრემიერი 8 წლის განმავლობაში იყო. მან ეს პოსტი, ისევე როგორც SNP-ის თავმჯდომარეობა ამ წლის მარტში დატოვა.

კომენტარები