შოტლანდია

ლოხ ნესის წყლის ურჩხულის საძიებლად ასობით მოხალისე შეიკრიბა

AP

ლოხ ნესის მონსტრის პოვნის მიზნით ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად მთელი მსოფლიოდან ასობით მოხალისე შეიკრიბა.

კვლევითი ჯგუფი გეოდეზიურ აღჭურვილობას გამოიყენებს, მათ შორის დრონებს ინფრაწითელი კამერების გამოყენებით ჰაერიდან წყლის თერმული გამოსახულების მისაღებად და ჰიდროფონს, წყლის ზედაპირის ქვეშ აუხსნელი მოძრაობების, აკუსტიკური სიგნალების აღმოსაჩენად. 

სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ რეჟიმში. 

"ჩვენი მიზანია, ყოველთვის ჩავწეროთ, შევისწავლოთ და გავაანალიზოთ ყველა ბუნებრივი ქცევა თუ ფენომენი, რომელთა ახსნა შეიძლება, რომ ძალიან რთულიც იყოს". - ამბობს სამუშაოების ორგანიზატორი Loch Ness Exploration-ის წარმომადგენელი, ალან მაკკენი, რომელიც ყოველი დილის ეთერში ასწავლის მოხალისეებს, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება და როგორ უნდა ჩაიწერონ აღმოჩენები.

ჟურნალ Inverness Courier-ის მიხედვით, თანამედროვეობის მითს, შოტლანდიის მაღალმთიანეთის წყლებში მცხოვრები ურჩხულის შესახებ, საფუძვლად ძველი ადგილობრივი თქმულება უდევს. პირველად ლოხ-ნესის ურჩხულს შუა საუკუნეებში ახსენებენ და ამბობენ, რომ ირლანდიელი ბერი წმინდა კოლუმბა მდინარეში "წყლის ურჩხულს" წააწყდა.

ლეგენდა მსოფლიო ყურადღების ცენტრში 1933 წელს წელს მოექცა, როცა Inverness Courier-მა გაავრცელა ინფორმაცია სასტუმრო Drumnadrochit-ის მენეჯერის, ოლდი მაკეის მიერ ადგილობრივებისთვის ცნობილი "ვეშაპისმაგვარი არსების" დანახვის შესახებ, ხოლო მალევე ჯორჯ სპაისერმა იმავე გაზეთს "ყველაზე არაჩვეულებრივი ფორმის ცხოველის" შესახებ მოუთხრო, რომელმაც მისი მანქანის წინ გზა გადაკვეთა და წყალში გაუჩინარდა. 

1960-იან წლებში ლოხ ნესის საგამოძიებო ბიურო შეიქმნა, რომელმაც 1972 წელს ამ დრომდე ყველაზე დიდი სამძებრო სამუშაოები ჩაატარა. 

წლების განმავლობაში მეცნიერები და ენთუზიასტები ცდილობდნენ, წყლის უზარმაზარი ქვეწარმავლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება ეპოვათ, თუმცა უშედეგოდ.

კომენტარები