რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

"შეუცდომელი იყო მაცხოვარი, წერტილი" – ალუდა ღუდუშაური ო'ბრაიენის განცხადებაზე

"შეუცდომელი იყო მაცხოვარი. წერტილი". - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელ ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებაზე სანქციებისთვის გვერდის ავლასთან დაკავშირებით. 

"მთელი ამ ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად, რამდენიმე წელია, გრძელდება სიცრუის ტირაჟირება და, მათ შორის, სამწუხაროდ, იმიჯის დამაზიანებელი განცხადებები გვესმის. როგორ შეიძლება, 2 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რომ ერთი მტკიცებულება დადებულიყო, ყველას გვენახა და გვეთქვა, რომ დიახ, ეს, თურმე ასე ყოფილა". - ამბობს ღუდუშაური. 

ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანობაზე ისაუბრა. ო'ბრაიენის თქმით, რუსეთი გარკვეული სანქციებისთვის თავის არიდებას სხვა სახელმწიფოების გავლით ცდილობს, რაც ხელს უშლის შეზღუდვების მიზნების შესრულებას. 

ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ G7-ის წევრმა ქვეყნებმა რუსეთისთვის ტექნიკის მიწოდება შეწყვიტეს, თუმცა გაიზარდა ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით, როგორებიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები და ყაზახეთი. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა მიუთითა, რომ სწორედ ეს ქვეყნები გახდნენ რუსეთისთვის დასავლური პროდუქციის მსხვილი მიმწოდებლები. მისივე თქმით, სანქციების პრობლემა მნიშვნელოვანი საკითხია და აშშ მისი გადაჭრის მიზნით ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნების სიაში ო'ბრაიენმა საქართველო და სომხეთიც მოიხსენია. 

კომენტარები