პოლონეთი-უკრაინა

პოლონეთმა უკრაინას დატბორილი ტერიტორიებისთვის 10 დიდი წყლის ავზი და 10 ტუმბო გადასცა

პოლონეთმა უკრაინას რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დატბორილი ტერიტორიებიდან წყლის ამოტუმბვის მიზნით 10 დიდი წყლის ავზი და 10 მაღალი ხარისხის ტუმბო გადასცა

ამასთან დაკავშირებით პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ Twitter-ზე დაწერა. 

"დასახლებული ტერიტორიების დრამატული მდგომარეობის გამო მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნოვა კახოვკაში კაშხლის დამბა ააფეთქა, მე და პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გადავწყვიტეთ, უკრაინისთვის 18 000 ლიტრის მოცულობის წყლის ავზი და 10 მაღალი ხარისხის ტუმბო გადაგვეცა". - დაწერა კამინსკიმ.


6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

ამასთან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი წერდა, რომ რუსეთს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება უკან დახევის გადასაფარად შესაძლოა გამოეყენებინა.

2022 წლის 6 ნოემბერს რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკის ჰესი უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

დეტალურად რა ვიცით კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ:

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვის. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საჭირო რესურსით უზრუნველყოფისთვისაც.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ორივე მხარე ამტკიცებს, რომ რისკები შემცირებულია და მდგომარეობა სტაბილურია. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც (IAEA) ადასტურებს, რომ ამ წუთისთვის ბირთვული კატასტროფის რეალური საფრთხე არ არსებობს. გაეროს ორგანიზაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ მონიტორინგს და მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდებიან. 

კომენტარები