აქციაზე დაკავებულები

NGO-ები: სისტემა მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას და საზოგადოების დაშინებას ცდილობს

სოფო გელავა

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთაველზე, პარლამენტის წინ მოქალაქეების დაკავებას ეხმაურებიან. NGO-ები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს და მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი, ასევე, შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა.  

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით სისტემა ცდილობს, დაასუსტოს მოქალაქეების თვითორგანიზება, რაც, საბოლოოდ, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად. 

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. დაკავებულთა შორის არიან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურNGისტი - შოთა თუთბერიძე (ამჟამად გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი, აქტივისტი - ნიკა რომანაძე და სხვები.

შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და,  ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად.   

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს - დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა; 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს  - შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;

საქართველოს სახალხო დამცველს - როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე;

Საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას  - გამოეხმაუროს ადვოკატების უფლებადარღვევების შემთხვევებს.  

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • დემოკრატიის მცველები
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი 
  • სალამი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
  • საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • მედიაომბუდსმენი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭრი ჯგუფი, WISG
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურო და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. მანამდე, სამართალდამცველები ცდილობდნენ, აქტივისტებისთვის წაერთმიათ ბანერები, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა. დაკავებულთა შორის არიან იურისტები, ედუარდ მარიკაშვილი და შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით თუთბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს). ადგილზე მყოფების ცნობით, რომ ედუარდ მარიკაშვილს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.  

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ყოველდღიურად მართავენ. ისინი აპროტესტებენ ქართული ოცნების მმართველობას, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლებს და ითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას. 

"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" - დღეს, 3 ივნისს აქცია კვლავ პარლამენტის წინ, 21:00-ზე გაიმართება

კომენტარები