აქციაზე დაკავებულები

მენთეშაშვილი სრულ შიმშილობაზეა, კადრები ასახავს არასრული შიმშილობის პერიოდს – ადვოკატი

"გზის განმეორებით გადაკეტვისთვის" დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატი, ჯანო ჭკადუა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას და კადრებს ეხმაურება

ჭკადუას განმარტებით, მენთეშაშვილი 2025 წლის 1 ნომებრიდან დღემდე საპატიმროში შიმშილობის სხვადასხვა ფორმებს მიმართავდა და მიმართავს. 

ჭკადუა წერს, რომ პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრები გადაღებულია მაშინ როდესაც მენთეშაშვილი არასრულ შიმშილობაზე იმყოფებოდა და კადრების გავრცელების მიზანია "შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დაარწმუნოს ისინი, რომ თითქოს მოშიმშილე პირები საკვების გამო კამათობენ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს". 

"ზურაბ მენთეშაშვილი 2025 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე შიმშილობის სხვადასხვა ფორმებს მიმართავდა, მათ შორის არასრულ შიმშილობას, როდესაც საკვების მიღება ხდება, მაგრამ ის არ არის საკმარისი ენერგიის საერთო დანახარჯებთან შედარებით. დღეის მდგომარეობით კი ის სრულ შიმშილობაზეა გადასული. შესაბამისად, კადრები, რომლებიც გაავრცელა პენიტენციურმა დაწესებულებამ, ასახავს იმ პერიოდს, როდესაც ზურაბ მენთეშაშვილი საკვებს არასრული რაოდენობით იღებდა.

პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებული კადრების მიზანია შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დაარწმუნოს ისინი, რომ თითქოს მოშიმშილე პირები საკვების გამო კამათობენ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ზურაბ მენთეშაშვილსა და ზურაბ ჭავჭანიძეს შორის რეალურად მართლაც მოხდა კონფლიქტი, თუმცა ის არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული საკვებთან. მათი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო ჩვენთვის, თუმცა ზურაბ მენთეშაშვილის თხოვნით აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ იყო მიწოდებული. ასევე, ციხის ადმინისტრაციამ აღნიშნული ფაქტის გამო ორივე ბრალდებულს შეუზღუდა სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და ორივე მათგანი გადაყვანილი იყო საკარანტინო საკანში.

ზემოთ აღწერილი ფაქტის შემდეგ, როგორც ცნობილია, ზურაბ ჭავჭანიძემ შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო ზურაბ მენთეშაშვილმა კვლავ გააგრძელა შიმშილობა" . - წერს ჭკადუა. 

რაც შეეხევა საკანში არსებულ ანტისანიტარიასა და მენთეშაშვილის საკარანტინე საკანში გადაყვანასთან გავრცელებულ ინფორმაციას, ჭკადუას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებით, "ციხის ადმინისტრაციამ უთხრა, რომ თუ შიმშილობას შეწყვეტდა, იმავე დღეს გადაიყვანდნენ სხვა საკანში".  

"საკარანტინო საკნიდან იგი D2 კორპუსის 118-ე საკანში შეასახლეს სხვა მოშიმშილესთან ერთად. საკანში შესვლისთანავე მათ შენიშნეს უამრავი ტარაკანი, რის გამოც ბრალდებულებმა მოითხოვეს საკანში დეზინსექციის ჩატარება, რაც რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ შესრულდა.

საკანში, სადაც ციხის ადმინისტრაციამ ტარაკნების განადგურების მიზნით ჩაატარა დეზინსექცია და სადაც მინიმუმ სამი დღის განმავლობაში არ უნდა შეეყვანათ ბრალდებულები, ისინი მხოლოდ ორ საათში დააბრუნეს უკან. ზურაბ მენთეშაშვილმა განმარტა, რომ 118-ე საკანში დაბრუნებისას საშინელი სუნი იდგა და ყველგან საწამლავის კვალი იყო. ასეთ საკანში მოუწიათ რამდენიმე დღის გატარება ზურაბ მენთეშაშვილს და მის თანამესაკნეს, დენის კულანინს.

საკნის დეზინსექციიდან რამდენიმე დღეში ციხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ზურაბ მენთეშაშვილი კვლავ გადაეყვანა საკარანტინო საკანში, სადაც იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ნახა, თუ რა არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი. აღნიშნულ ფაქტზე გამოქვეყნდა დენის კულანინის წერილიც, სადაც იგი აღწერს საკანში არსებულ არაადამიანურ პირობებს.

მოგვიანებით, 10 მარტს, პირადად შევხვდი ზურაბ მენთეშაშვილს და მომაწოდა ინფორმაცია, თუ რა პირობებში იმყოფება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. კერძოდ, მისი განმარტებით, ბოლო ერთი კვირაა საკანი არ გაუსუფთავებიათ, რადგან საჭირო ინვენტარს ციხის ადმინისტრაცია არ აწვდის. მათ არ აქვთ ხელსახოცი, რომ ხელი გაიმშრალონ; არც ხელის საპონი, რომ ხელი დაიბანონ; არ აქვთ კბილის ჯაგრისი და არც თეთრეული. ამასთან, როგორც D2 კორპუსის 118-ე საკანში, აქაც საკანში ტარაკნებია, რაც იქ ყოფნას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.

ყოველივე ზემოთ აღწერილს, კერძოდ ბოლო კვირაში საკარანტინო საკანში მის გადაყვანას, ზურაბ მენთეშაშვილი სწორედ მის შიმშილობას უკავშირებს. როგორც მან განმარტა, ციხის ადმინისტრაციამ უთხრა, რომ თუ შიმშილობას შეწყვეტდა, იმავე დღეს გადაიყვანდნენ სხვა საკანში.

პენიტენციური სამსახურის მიერ გადაღებული ვიდეომასალა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და გავრცელებული კადრებით ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.

ზურაბ მენთეშაშვილი არის ადამიანი, რომელიც საავტომობილო გზაზე გადასვლის გამო უკვე მეხუთე თვეა მე-8 დაწესებულებაშია გამოკეტილი და მას ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მიუხედავად ამისა, ის კვლავ აგრძელებს შიმშილობას და ბრძოლას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის". - წერს ადვოკატი.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის საღამოს რუსთაველის გამზირიდან მანქანით მიმავალი მენთეშაშვილი პოლიციამ გამზირზევე დააკავა.

1-ელ ნოემბერს შსს-მ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის განმეორებით გადაკეტყვის გამო, მენთეშაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

კომენტარები