ინდოეთი

ინდოეთში სარკინიგზო ავარიას, სულ მცირე, 280 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 900

AP

ინდოეთში ორი სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 280-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მგზავრი დაზიანებული სარკინიგზო ვაგონის ქვეშ მოყვა. მომხდარი ბოლო ათწლეულების მანძილზე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სასიკვდილო მატარებლის ავარიად შეაფასეს.

ოდიშას შტატის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 900 ადამიანი დაშავდა. სამართალდამცავები ავარიის მიზეზებს იძიებენ. 

ოდიშას სახანძრო დეპარტამენტის უფროსი სუდანშუ სარანგიმ Associated Press-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ ღამეს მაშველებმა, სულ მცირე, 280 ცხედარი ამოიყვანეს. მისი ინფორმაციით, 800-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალიზებულია. სარანგის ინფორმაციით, ბევრ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება.

სარანგის თქმით, მაშველები განადგურებულ სარკინიგზო ვაგონებს ჭრიდნენ, რათა გადარჩენილი ადამიანები ეპოვათ. მისი განმარებით, შესაძლოა, ჯერ კიდევ იყვნენ ვაგონის ქვეშ მოყოლილები, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ცოცხლები არიან.

"საღამოს ათი საათისთვის ჩვენ შევძელით გადარჩენილების ამოყვანა. ამის შემდეგ უკვე საუბარი იყო მხოლოდ გვამების ამოყვანაზე. ეს ძალიან, ძალიან ტრაგიკულია, ჩემს პროფესიაში მსგავსი არაფერი მინახავს". - ამობს სარანგი.

რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენლის ამიტაბჰ შარმას თქმით, რელსებიდან ერთი მატარებლის 10-დან 12-მდე ვაგონი გადავიდა და ვაგონის ნამსხვრევები ახლომდებარე ლიანდაგზე დაეცა, რომელსაც, საპირისპირო მხარეს მომავალი მატარებელი დაეჯახა და მისი სამი ვაგონის რელსებიდან მოწყვეტა გამოიწვია.

მაღალჩნოსნების თქმით, მთელი ღამის განმავლობაში 1 200-მდე მაშველი, 115 სასსწრაფო დახმარების მანქანა, 50 ავტობუსი და 45 ჯანდაცვის ჯგუფი მუშაობდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ისინი ხალხის ევაკუაციისა და მაშველების დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მას შემდეგ, რაც რელსებიდან ვაგონების მოწყვეტის ხმა გაიგეს. 

მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, გააუმჯობესოს სარკინიგზო უსაფრთხოება, ინდოეთის რკინიგზაზე ყოველწლიურად რამდენიმე ასეული უბედური შემთხვევა ხდება.

1995 წლის აგვისტოში ნიუ დელისთან ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 358 ადამიანი დაიღუპა. ასევე, 2016 წელს ქალაქ ინდორესა და პატნას შორის, სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რასაც 146 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხშირ შემთხვევაში, ავარიების მიზეზი მოძველებული სასიგნალო აღჭურვილობაა.

კომენტარები