ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ბაიდენი: შვედეთი NATO-ს წევრი მალე გახდება

Lukas Barth/Pool photo via AP

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ შვედეთი NATO-ს "რაც შეიძლება მალე" შეუერთდება, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და უნგრეთი კვლავ აგრძელებენ შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შეფერხებას.

გუშინ, 1 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემიის დამთავრების ცერემონიაზე გამოსვლისას, ბაიდენმა შეაქო NATO-ს ერთიანობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

"NATO უფრო ენერგიული და ერთიანია, ვიდრე ის იყო ბოლო ათწლეული. ახლა უფრო ძლიერია ჩვენს უახლოეს მოკავშირესთან ფინეთთან ერთად და რაც შეიძლება მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. პირობას ვდებ, ასე მოხდება". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, მიიღოს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების გადაწყვეტილება და დასძინა, რომ სტოკჰოლმა თურქეთის პირობების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

"ამერიკის შეერთებული შტატების პერსპექტივიდან, ახლა არის დრო, რომ დასრულდეს შვედეთის გაწევრიანება". - აღნიშნა ბლინკენმა. 

ბაიდენი: ერდოღანთან ვისაუბრეთ F-16-ების შეძენასა და შვედეთის NATO-ში მიღებაზე

გასულ კვირას, ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტისა და თურქი კოლეგის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის საუბრისას ანკარამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი სურვილი, შეიძინონ F-16-ები აშშ-სგან, ვაშინგტონმა კი, თავის მხრივ, გაიმეორა მოთხოვნა, თურქეთი დათანხმებოდა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.

აშშ-ს კონგრესმა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა, დაამტკიცა 259 მილიონი დოლარის პაკეტი, რომელიც შეიცავდა F-16-ებისთვის სახომალდე ელექტრონული აღჭურვილობის (ავიონიკის) განახლებას.

წინა წლებში ანკარა აშშ-სგან 100 ცალი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ რუსული C-400-ების სისტემა შეიძინეს, ვაშინგტონმა თურქეთი F-35-ების პროექტიდან ამოიღო. ამჟამად თურქეთი F-35-ის პროგრამისთვის გადახდილი $1.4 მილიარდის სანაცვლოდ აშშ-სგან F-16-ებს ითხოვს.

კომენტარები