ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ბაიდენი: ერდოღანთან ვისაუბრეთ F-16-ების შეძენასა და შვედეთის NATO-ში მიღებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და თურქეთის პრეზიდენტი,  რეჯეფ თაიფ ერდოღანი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას ანკარამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი სურვილი, შეიძინონ F-16-ები აშშ-სგან, ვაშინგტონმა კი, თავის მხრივ, გაიმეორა მოთხოვნა, თურქეთი დათანხმებოდა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.

ეს საუბარი მაშინ შედგა, როდესაც ბაიდენმა ერდოღანს გამარჯვების მისალოცად დაურეკა.

“ვესაუბრე ერდოღანს, მივულოცე წარმატება. მას კვლავ სურს F-16-ებზე შეთანხმების მიღწევა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ შვედეთთან დაკავშირებით გვინდა შეთანხმება. ასე, რომ მოდი, გადავწყვიტოთ. ასე რომ, ჩვენ ერთმანეთს კვლავ, მალევე, დავუკავშირდებით”. - აღნიშნა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი წამოჭრა და ლიდერები მას უახლოეს მომავალში განიხილავენ.

აშშ-ს კონგრესმა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა, დაამტკიცა 259 მილიონი დოლარის პაკეტი, რომელიც შეიცავდა F-16-ებისთვის სახომალდე ელექტრონული აღჭურვილობის (ავიონიკის) განახლებას.

წინა წლებში ანკარა აშშ-სგან 100 ცალი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ რუსული C-400-ების სისტემა შეიძინეს, ვაშინგტონმა თურქეთი F-35-ების პროექტიდან ამოიღო. ამჟამად თურქეთი F-35-ის პროგრამისთვის გადახდილი $1.4 მილიარდის სანაცვლოდ აშშ-სგან F-16-ებს ითხოვს.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები