გერმანია-რუსეთი

ბერლინმა რუსეთს გერმანიაში არსებული ხუთი საკონსულოდან ოთხის დახურვა მოსთხოვა

რუსეთის საელჩო ბერლინში
GETTY IMAGES

მოსკოვის მიერ რუსეთში გერმანიის საელჩოსა და მასთან დაკავშირებულ ორგანოებში თანამშრომელთა ლიმიტის დაწესების საპასუხოდ, გერმანიამ რუსეთს ქვეყანაში არსებული ხუთი საკონსულოდან ოთხის დახურვა დაავალა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ქრისტოფერ ბურგერის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის "პერსონალისა და სტრუქტურების თანასწორობის" შესანარჩუნებლად მიიღეს.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კულტურის ორგანიზაციებსა და სკოლებში მომუშავე პირების ჩათვლით, ქვეყანაში დარჩენა მხოლოდ 350 გერმანელ სახელმწიფო მოხელეს შეეძლება.

ბურგერის თქმით, მოსკოვის გადაწყვეტილების გამო ნოემბრისთვის გერმანიას მოუწევს ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკსა და კალინინგრადში მდებარე საკონსულოების დახურვა. მანვე დასძინა, რომ მოსკოვში მდებარე საელჩოსთან ერთად მხოლოდ სანკტ-პეტერბურგში არსებული საკონსულოს ფუნქციონირებას შეძლებენ, რის გამოც რუსეთსაც, მიმდინარე წლის დასრულების შემდეგ, მხოლოდ ბერლინში მდებარე საელჩოსა და დამატებით ერთი საკონსულოს შენარჩუნების უფლებას მისცემენ.

ბერლინის ნაბიჯი 2022 წლის თებერვალში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაუარესების კიდევ ერთი შედეგია.

კომენტარები