რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორ კარიმ აჰმად ხანზე ძებნა გამოაცხადა. ეს ინფორმაცია რუსულმა გამოცემა Медиазона-მ შსს-ს საძიებო ბაზაში იპოვა.
გამოცემის ცნობით, ბაზაში პროკურორის ფოტოა გამოქვეყნებული, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მუხლის დარღვევაში სდებენ მას ბრალს.
17 მარტს, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
11 მაისს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა თქვა, რომ კომიტეტი აპირებდა, ძებნა გამოეცხადებინა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცეს.
"საგამოძიებო კომიტეტი მალე წამოაყენებს საქმეს თავჯდომარისა და სამი მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებსაც ჰქონდათ გავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. ჩვენ მათ მალე ძებნაში გამოვაცხადებთ". – თქვა ბასტრიკინმა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე.