ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავებაზე უარის თქმის გამო მონღოლეთმა, როგორც რომის სტატუსის ხელმომწერმა ქვეყანამ, თავისი ვალდებულებები არ შეასრულა.
მონღოლეთში ვიზიტისას პუტინი არ დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ICC-ის დაკავების ორდერი არის გაცემული. სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ამით მონღოლეთმა სასამართლოს თავისი ფუნქციისა და უფლებამოსილების შესრულებაში ხელი შეუშალა
გადაწყვეტილების მიხედვით, ის ფაქტი, რომ პუტინი სახელმწიფოს მეთაურია, რომის სტატუსის წევრ ქვეყნებს საშუალებას არ აძლევს, რომ დაკავების ორდერი არ გაითვალისწინონ.
"მონაწილე სახელმწიფოები და სახელმწიფოები, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციას აღიარებენ, ვალდებულები არიან, რომ დააკავონ და (რედ. - სასამართლოს) გადასცენ პირები, რომლებზეც გაცემულია ICC-ის დაკავების ორდერი, მათი ოფიციალური თანამდებობისა ანდა მოქალაქეობის მიუხედავად". - წერია გადაწყვეტილებაში.
3 სექტემბერს პუტინს ულან-ბატორში საზეიმო ცერემონიით დახვდნენ. პუტინი საბჭოთა კავშირისა და მონღოლეთის იაპონიის არმიაზე გამარჯვების 85-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებასაც დაესწრება.
ბოლო ცნობებით, ვიზიტისას რუსეთისა და მონღოლეთის მთავრობებს შორის ულან-ბატორის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და დიზაინზე შეთანხმდნენ, რათა რუსეთმა მონღოლეთისთვის საავიაციო საწვავის მიწოდება უზრუნველყოს. შეხვედრისას პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა გეგმას, განავითაროს სარკინიგზო სისტემა ქვეყნებს შორის.
პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი უხნააგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზეც დაპატიჟა, რომელიც რუსეთში, ქალაქ ყაზანში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში გაიმართება. როგორც რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti წერს, ხურელსუხი მოწვევას დათანხმდა.





