კრემლის განცხადებებზე დაყრდნობით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერის მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ICC-ის წევრ მონღოლეთში ვიზიტისას არ დააკავებენ.
3 სექტემბერს მონღოლეთში დაგეგმილი ვიზიტი იქნება პირველი, როდესაც პუტინი ჰააგის სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ სასამართლოს წევრ სახელმწიფოში ჩავა.
საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი შარშან, 2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო გასცა. შესაბამისად, რადგანაც მონღოლეთი ICC-ს წევრი ქვეყანაა, იგი ვალდებულია, მის ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში, პუტინი დააკავოს.
საპირისპიროზე მეტყველებენ კრემლის პროპაგანდისტთა განცხადებები. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მონღოლეთის მიერ პუტინის შესაძლო დაკავებაზე დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ "მსგავსი პრობლემა არ არსებობს".
"არ არსებობს პუტინის დაკავების რისკები. ნებისმიერ საერთაშორისო ვიზიტამდე, მოლაპარაკებათა სრული ფორმატი წინასწარაა შეთანხმებული და მასპინძელი სახელმწიფო 100%-იან გარანტიას გვაძლევს, რომ არც პუტინი და არც დელეგაციის რომელიმე წევრი იქნება დაკავებული" - თქვა კრემლთან დაახლოებულმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, სერგეი მარკოვმა.
რუსეთის დიქტატორი მონღოლეთს 3 სექტემბერს ეწვევა.





