ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, ევროკავშირისთვის ცნობილია, რომ 3 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მონღოლეთში ჩავიდა მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.
განცხადების მიხედვით, ევროკავშირი წუხს, რომ მონღოლეთი, რომელიც ICC-ის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანაა, არ დაემორჩილა სტატუტის ქვეშ არსებულ ვალდებულებებს და არ აღასრულა დაკავების ორდერი.
"პრეზიდენტ პუტინზე საერთაშორისო დანაშაულებისთვის ICC-ის მიერ დაკავების ორდერია გაცემული, კონკრეტულად, უკრაინის წინააღმდეგ მისი არალეგალური აგრესიის ომის ფარგლებში, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და არაკანონიერი გადაყვანისთვის". - წერია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.
ევროკავშირი ასევე მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს ძალისხმევისთვის, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომთან დაკავშირებით ომის დანაშაულებზე პასუხისგება უზრუნველყოფილი იყოს. ევროკავშირი ასევე ურყევ მხარდაჭერას უცხადებს ICC-სა და უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
პუტინს ულან-ბატორში საზეიმო ცერემონიით დახვდნენ. პუტინი საბჭოთა კავშირისა და მონღოლეთის იაპონიის არმიაზე გამარჯვების 85-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებასაც დაესწრება.
ბოლო ცნობებით, ვიზიტისას რუსეთისა და მონღოლეთის მთავრობებს შორის ულან-ბატორის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და დიზაინზე შეთანხმდნენ, რათა რუსეთმა მონღოლეთისთვის საავიაციო საწვავის მიწოდება უზრუნველყოს. შეხვედრისას პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა გეგმას, განავითაროს სარკინიგზო სისტემა ქვეყნებს შორის.
პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი უხნააგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზეც დაპატიჟა, რომელიც რუსეთში, ქალაქ ყაზანში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში გაიმართება. როგორც რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti წერს, ხურელსუხი მოწვევას დათანხმდა.





