2 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრი სახელმწიფო და რომის წესდების მხარეა.
ამისდა მიუხედავად, მონღოლეთმა არ შეასრულა 2023 წლის 17 მარტს ICC-ს მიერ პუტინის ომის დანაშაულების გამო გაცემული დაკავების ორდერი, რომლის მიხედვითაც რომის წესდების წევრ ქვეყნებს ევალებათ მათ ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ, ან როგორც იურისტთა საერთაშორისო ასოციაცია წერს, "გააუქმონ მასთან დაგეგმილი შეხვედრა ქვეყნის ტერიტორიაზე".
აქამდე, კრემლშიც აცხადებდნენ, რომ მონღოლეთში პუტინის დაკავების საფრთხე არ არსებობდა.
პუტინს ულან-ბატორში საზეიმო ცერემონიით დახვდნენ. პუტინი საბჭოთა კავშირისა და მონღოლეთის იაპონიის არმიაზე გამარჯვების 85-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებასაც დაესწრება.
ბოლო ცნობებით, ვიზიტისას რუსეთისა და მონღოლეთის მთავრობებს შორის ულან-ბატორის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და დიზაინზე შეთანხმდნენ, რათა რუსეთმა მონღოლეთისთვის საავიაციო საწვავის მიწოდება უზრუნველყოს. შეხვედრისას პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა გეგმას, განავითაროს სარკინიგზო სისტემა ქვეყნებს შორის.
პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი უხნააგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზეც დაპატიჟა, რომელიც რუსეთში, ქალაქ ყაზანში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში გაიმართება. როგორც რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti წერს, ხურელსუხი მოწვევას დათანხმდა.





