უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონღოლეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი და რუსეთის პრეზიდენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს. განცხადებას სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.
"უკრაინის მხარე იმედოვნებს, მონღოლეთის მთავრობამ იცის იმ ფაქტის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა. მისი დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში უკანონო, იძულებით გადაყვანის ეჭვის საფუძველზე გამოიცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომლის იურისდიქციასაც მონღოლეთი აღიარებს.
უკრაინელი ბავშვების მოტაცება ერთ-ერთია იმ მრავალ დანაშაულთაგან, რომლისთვისაც პუტინმა და რუსეთის ფედერაციის სხვა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს. ეს ინდივიდები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის დაწყებაში, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეებში, მკვლელობებში, გაუპატიურებებში, ძარცვაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვასა და გენოციდის მოწყობაში არიან დამნაშავეები.
ჩვენ მოვუწოდებთ მონღოლეთის ხელისუფლებას, შეასრულოს სავალდებულო საერთაშორისო ორდერი და პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს" - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა. ჰააგის სასამართლოს მიერ 2023 წელს გაცემული დაკავების ორდერის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინი ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოში ჩავა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი შარშან, 2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო გასცა. შესაბამისად, რადგანაც მონღოლეთი ICC-ს წევრი ქვეყანაა, იგი ვალდებულია, მის ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში, პუტინი დააკავოს.
საპირისპიროზე მეტყველებენ კრემლის პროპაგანდისტთა განცხადებები. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მონღოლეთის მიერ პუტინის შესაძლო დაკავებაზე დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ "მსგავსი პრობლემა არ არსებობს".





