პირდაპირი ფრენები რუსეთთან

კობახიძე Азимут-ზე: მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე] ჩანაწერები ამოიღეს

"მნიშვნელოვანი ჟესტია". - ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსული ავიაკომპანია Азимут-ის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნების სიიდან ამოღებას. 

"თავისთავად, ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან - ეს ერთი. სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები. ანუ, ცდილობენ სპეკულირებას იქაც კი, სადაც სპეკულირების არავითარი საბაბიც კი არ არსებობს". - ამბობს ირაკლი კობახიძე.  

გუშინ, 16 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ, Азимут-მა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

ჯერ კიდევ 15 მაისს, 18:48:22 საათამდე კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს შეეძლო, პირადი მონაცემების შეყვანისას სხვა ქვეყნებთან ერთად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც აერჩია. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". – აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

კომენტარები