არჩევნები თურქეთში

შესაძლოა, სტამბოლის, იზმირისა და ანკარის უბნების დათვლამ არჩევნების შედეგი შეცვალოს

თურქეთში ხმების დათვლა გრძელდება, სამი უდიდესი ქალაქის - სტამბოლის, ანკარისა და იზმირის ხმების დათვლამ, შესაძლოა, არჩევნების შედეგები შეცვალოს

სტამბოლში 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დედაქალაქ ანკარასა და დასავლეთში მდებარე ქალაქ იზმირის მოსახლეობა 10-10 მილიონს შეადგენს - სამივეში კი ხმების მხოლოდ ნახევარია დათვლილი. 

იზმირსა და სტამბულში ჯერჯერობით ქემალ ქილიჩდაროღლუ ლიდერობს, ხოლო ანკარაში ერდოღანი - მცირე უპირატესობით.

იზმირი ოპოზიციური მთავარი პოლიტიკური ძალის - რესპუბლიკელ ხალხთა პარტიის დასაყრდენია და პარტიამ მკვეთრად გაზარდა მხარდაჭერა სტამბოლსა და ანკარაში 2015 წლის არჩევნების შემდეგ.

ანკარის მერის თქმით, ქილიჩდაროღლუ გაიმარჯვებს, როდესაც ამ სამ დიდ ქალაქში ხმების დათვლა დასრულდება. 

დღეს თურქეთში 64 მილიონ რეგისტრირებულ ამომრჩეველს ორ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი - ვინ სურთ პრეზიდენტად მომდევნო 5 წლის განმავლობაში და, ასევე, გადაეწყვიტათ ვინ გააკონტროლებს პარლამენტს. პოლიტიკური პარტიებისთვის 600-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის ფლობა კანონების მისაღებად მნიშვნელოვანია. 

ხმათა 60.39 პროცენტი უკვე დათვლილია, აქედან პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია სამართლიანობისა და განვითარებისთვის 37.91%-ს ფლობს, მთავარი ოპოზიციური ძალა - რესპუბლიკელ ხალხთა პარტია კი 28.29%-ს. 

მმართველმა პარტიამ და მისმა მოკავშირე პატარა პარტიებმა ხმათა 50%-ზე მეტი მოაგროვა. მაშინ როცა ქემალ ქილიჩდაროღლუს კოალიციას 40% აქვს.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ხმათა დათვლის ზრდასთან ერთად მცირდება ერდოღანის უპირატესობა. 

ახალი კერძო სააგენტო ANKA-ს ინფორმაციით, ხმათა 83.31% დათვლილია და ერდოღანი 48.55%-ით 45.69%-ის წინააღმდეგ ქილიჩდაროღლუსთან უპირატესობას ინარჩუნებს. 

ხოლო სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ხმათა დათვლილი 80.48%-ით, ერდოღანი 50.43%-ით ლიდერობს, ქილიჩდაროღლუს კი 43.77% აქვს. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

Politico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერისთვის 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ეს ყველაზე რთული არჩევნებია. ოპოზიციის მთავარი დაპირება პრეზიდენტის უფლებამოსილების უკან დაბრუნება და ქვეყნის ისევ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლაა. 

კომენტარები