რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი ამბობს, რომ თუ შოიგუ ჭურვებს არ გადასცემს, შესაძლოა ვაგნერმა ბახმუტი დატოვოს

ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ჭურვებს არ მიიღებს, შესაძლოა მის ძალებს ქალაქი ბახმუტის დატოვება მოუწიოთ. ამის შესახებ პრიგოჟინმა რუს პროპაგანდისტთან და სამხედრო კომენტატორთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

პრიგოჟინის მტკიცებით, ის რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსთვის აპირებდა წერილის გაგზავნას, რომელშიც საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას სთხოვდა. მან აღნიშნა, რომ წინააღდეგ შემთხვევაში წამოაყენებდა ბახმუტში ვაგნერის ძალების დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს.

"მივმართავ სერგეი კუჟეგოტოვიჩ შოიგუს თხოვნით, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს საბრძოლო მასალა. ამ მოწოდებაზე უარის შემთხვევაში, აუცილებლად ვთვლი, რომ უმაღლეს მთავარსარდალს მივაწოდო ინფორმაცია არსებულ პრობლემებსა და ბახმუტის დასახლებულ პუნქტში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დარჩენის მიზანშეწონილობის შესახებ". – თქვა პრიგოჟინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ წერილს შოიგუს გაუგზავნიდა იმ დღეს, როცა ინტერვიუ ჩაწერეს. 

ინტერვიუ 29 აპრილს გამოქვეყნდა და გასულ დღეებშია ჩაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაჯაროების დროისთვის, პრიგოჟინის მტკიცების შესაბამისად, შოიგუს წერილი უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს.

პრიგოჟინმა ხაზი გაუსვა, რომ ვაგნერს ბახმუტში მხოლოდ რამდენიმე დღისთვის სამყოფი საბრძოლო მასალა დარჩა და შესაძლოა მათ პუნქტის დატოვება მოუწიოთ. მისი თქმით, თუ ასე მოხდება, "ყველაფერი ჩამოიშლება".

"ჩვენ ბახმუტში წინსვლას ბოლო ჭურვამდე გავაგრძელებთ, მაგრამ ჭურვები არა კვირებზე, არამედ რამდენიმე დღეზე სამყოფი დაგვრჩა. ამიტომ, თუ საბრძოლო მასალის დეფიციტი არ შეივსება, ჩვენ იძულებულები ვიქნებით ორგანიზებულად წესრიგით, შემდეგ მშიშარა ვირთხებივით რომ არ გავიქცეთ, ან გამოვიდეთ, ან სიკვდილისთვის დავრჩეთ. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ დანაყოფების ნაწილის გაყვანა მოგვიწევს. ამის შემდეგ, ჩვენს ბიუროკრატებს რაც არ უნდა სურდეთ, ყველაფერი სხვა ჩამოიშლება. ამიტომ, ზარი უკვე რეკავს. ეს განგაშის ზარია. ჩვენ განგაშის ზარს ვრეკავთ, გვჭირდება საბრძოლო მასალა". – თქვა პრიგოჟინმა.

ამას გარდა, პრიგოჟინმა თქვა, რომ არსებული პრობლემების გათვალისწინებით, ვაგნერის ჯგუფი შესაძლოა გაქრეს.

"დღესდღეობით მივდივართ იქამდე, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი სრულდება. გარკვეული დროის შემდეგ ვაგნერი არსებობას შეწყვეტს". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინი ასევე თვლის, რომ "რუსეთი კატასტროფის წინაშე დგას".

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

კომენტარები