ამერიკის ელჩი საქართველოში

დეგნანი გვარამიას შეწყალებაზე: დარწმუნებული ვარ, ყველა აზრს გაითვალისწინებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, გვარამიას შეწყალება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრეროგატივაა და დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყველა აზრს, მათ შორის ჰელსინკის კომისიის რეკომენდაციასაც გაითვალისწინებს. 

" ჰელსინკის კომისია არის  პატივსაცემი ორგანიზაცია, რომელსაც აშშ-ს კონგრესისგან აქვს მანდატი, რომ მონიტორინგი გაუწიოს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედიის თავისუფლების დაცვასაც.

ამ ორგანიზაციამ, ისევე, როგორც საელჩომ, ნათლად განაცხადა, რომ გვარამიას საქმე შეშფოთებას იწვევს, მათ შორის თავდაპირველი ბრალდებები, ამ ბრალდებების დროულობა და შემდგომ პატიმრობის მისჯა. ასე რომ, ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც საქართველოს მეგობარი და დემოკრატიული გავითარების, მისი პროგრესის და ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერ იყო მრავალი წლის განმავლობაში.

საბოლოოდ, რა თქმა უნდა, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ქალბატონი ზურაბიშვილის პრეროგატივაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ის ყველა აზრს, მათ შორის ჰელსინკის კომისიისას, გაითვალისწინებს."- განაცხადა დეგნანმა. 

22 აპრილს ჰელსინკის კომისიამ ზურაბიშვილს პოლიტპატიმრების შეწყალებისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, შეიწყალოს 2022 წლის მაისში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული ნიკა გვარამია. თუმცა აშშ-ს წერილი პირველი არ არის. მანამდე, ევროპარლამენტმა, აბსოლუტური უმრავლესობით, ამ წლის დასაწყისში რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, გაეთავისუფლებინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი - და ხმამაღლა გამოხატა საქართველოს მთავრობის მოულოდნელი გადახვევის შესახებ დასავლური და დემოკრატიული ღირებულებებისგან.

2022 წლის 16 მაისს, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

კომენტარები