ამერიკის ელჩი საქართველოში

ჯონ ბასი: დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ საქართველოსთანაა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ელჩის, ჯონ ბასის საშობაო ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ბასი მიმართვას სსრკ-ს დაშლის შემდეგ, აშშ-საქართველოს ურთიერთობების დასაწყისის გახსენებით იწყებს, როცა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 1991 წლის შობა დღეს ამერიკელ ხალხს უთხრა : „აღმოსავლეთ ევროპა თავისუფალია“, შემდეგ კი გააკეთა განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. საქართველოში აშშ-ს ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია იამაყოს 20 წლის მონაპოვრით, იმით რომ თავი დააღწია კომუნიზმს და დაადგა დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზას, შეებრძოლა კორუფციას და საფუძველი ჩაუყარა თავისუფალ საზოგადოებას. ელჩი შენიშნავს, რომ რთული გზა არ დასრულებულა, ხაზს უსვამს, რომ ამერიკელი ხალხი 200 წელია ცდილობს სრულყოს საკუთარი დემოკრატია. ამერიკის ელჩი საქართველო-ამერიკის თანამშრომლობას აჯამებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას.

 20 წლის განმავლობაში ამერიკამ საქართველოსთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო,  ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის კი - 45 ხელშეკრულება გაფორმდა. „ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას სიტყვითა და საქმით ვუჭერდით მხარს. ამერიკა ეხმარებოდა საქართველოს საზღვრების განმტკიცებაში, ეკონომიკის ზრდასა და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. ჩვენი ურთიერთობა მყარია, რადგან ჩვენს ხალხებს საერთო ღირებულებები აქვთ", - აცხადებს ჯონ ბასი. ვიდეო მიმართვაში აღნიშნულია, რომ გაცვლითი პროგრამებით საქართველოდან აშშ-ში 5 000 -ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა, ამერიკის სხვა და სხვა კოლეჯებსა და უნივერსიტეტენში კი წელს 400-ზე მეტი ახალგაზრდა სწავლობს საქართველოდან. მიმართვაში ხაზგასმულია საქართველოს წვლილი ავღანეთის ოპერაციაში , ნათქვამია,  რომ ამერიკელები მადლიერები არიან ქართველი ჯარისკაცების გმირული სამსახურით.

ჯონ ბასი შენიშნავს, რომ 2012 წლის 24 მარტს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები საზეიმოდ აღნიშნავენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20-ე  წლისთავს და ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად მომავალ წელს არაერთი ღონიძიებაა დაგეგმილი.

 

კომენტარები