შეტაკებები სუდანში

WSJ: ვაგნერმა სუდანელ გენერალს, რომელიც RSF-ს მეთაურობს, იარაღით დახმარება შესთავაზა

გენერალი მუჰამედ ჰამდან დაგლო

The Wall Street Journal-ი მოქმედ და ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე, ასევე სუდანელი გენერალ მუჰამედ ჰამდან დაგლოსთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფმა გენერალი დაგლოს სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) მძიმე იარაღით დახმარება შესთავაზა.

WSJ-ს ცნობით, შეიარაღებაში შედიოდა მცირე ზომის მობილური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც, რომლებიც მათ აქვთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ვაგნერი ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია. 

გენერალ-ლეიტენანტ დაგლოსთან დაახლოებულმა პირმა WSJ-სთან თქვა, რომ მათ ამ ეტაპზე შეთავაზების მიღებისგან თავი შეიკავეს, რადგან აშშ-ს მთავრობის მხრიდან უკმაყოფილება არ სურთ. ვაშინგტონში კი შეშფოთებული არიან, რომ შეტაკებებში შესაძლოა სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით კი რუსეთი ჩაერთოს.

აშშ-ს მოქმედმა მაღალჩინოსანმა WSJ-სთან სადაზვერვო და დიპლომატიურ კონტაქტებზე დაყრდნობით თქვა, რომ გენერალი დაგლო შეთავაზებას "აქტიურად განიხილავს" და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა უარყო გავრცელებული ცნობა. მისი მტკიცებით ორ წელზე მეტია, რაც ვაგნერის ჯგუფის ძალები სუდანის ტერიტორიაზე არ ყოფილან და მათ ქვეყნის სამხედროების წვრთნა 2019 წელს დაასრულეს. მისივე მტკიცებით, ვაგნერი შეიარაღებით არც ერთ მხარეს არ დამხარებია და არ დაეხმარება. პრიგოჟინის თქმით, მან დაპირისპირებულებს, აბდულ ფათაჰ ალ-ბურჰანსა და მუჰამედ დაგლოს მოლაპარაკებებისთვის შუამავლობა შესთავაზა.

ვრცლად სუდანში ვაგნერის წარსულ მოქმედებებსა და ამჟამინდელ კონფლიქტში ჩართულობაზე წაიკითხეთ აქ – სისხლი და ოქრო – ვაგნერის ჯგუფისა და ევგენი პრიგოჟინის აქტიურობა სუდანში.

15 აპრილის შემდეგ სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ვითარება გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. შეტაკებებს უკვე 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები