შეტაკებები სუდანში

გაერო სუდანში შეტაკებებზე: არის შანსი, უკრაინაში ომზე მძიმე შედეგებით დასრულდეს

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, ამინა ჯ. მოჰამედი

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, ამინა ჯ. მოჰამედის თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ სუდანში შეტაკებებს მოქალაქეებისთვის უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს, ვიდრე უკრაინაში ომს. როგორც ის Financial Times-თან ინტერვიუში ამბობს, ამ ვითარებაში უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. 

ამინა მოჰამედის თქმით, სწრაფი რეაგირების ძალების საჰაერო თავდასხმები და მათ მიერ მოსახლეობის შევიწროება მასობრივი მსხვერპლით დასრულდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის არ არსებობს უსაფრთხო თავშესაფრები და მებრძოლები მათ ცოცხალ ფარებად იყენებენ. 

"ჩვენ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რათა მათი ბრძოლა შევაჩეროთ". - თქვა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ. 

სუდანში დაძაბული მდგომარეობის ფონზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ადგილზე თავისი მოადგილე, ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების კოორდინატორი მარტინ გრიფიტსი გააგზავნა. 

30 აპრილის ღამიდან სუდანში რეგულარულ არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის (RSF) ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დამატებით 72 საათით გაგრძელდა

არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება აშშ-სა და საუდის არაბეთის შუამავლობით შედგა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მსგავსი ტიპის პირობა არაერთხელ დაიდო, თუმცა მალევე ორივე მხრიდან დაირღვა. 

ცეცხლის შეწყვეტის მიზანი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა, რათა მოქალაქეებს საჭირო რესურსი მიაწვდინონ და მოხერხდეს მათი შედარებით უსაფრთხო გარემოში გადაყვანა. 

მას შემდეგ, რაც სუდანის დედაქალაქ ხართუმში 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო, მოვლენებს, სულ მცირე, 420 მშვიდობიანი პირი ემსხვერპლა.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

კომენტარები