შეტაკებები სუდანში

საუდის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, სუდანში შეტაკებები გრძელდება

სუდანის პორტში ადგილობრივები არმიის გენერლის, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის მხარდამჭერ ჯარისკაცებს ეგებებიან, 2023 წლის 16 აპრილი,
AFP

მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა საუდის არაბეთის საპორტო ქალაქ ჯიდაში მოსალაპარაკებლად წარმომადგენლები გაგზავნეს, სუდანის დედაქალაქ ხართუმსა და დარფურის რეგიონში შეტაკებები გრძელდება.

მოლაპარაკებებში მედიატორები საუდის არაბეთი და აშშ არიან. აქამდე, გასულ დღეებში მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს, თუმცა ისინი ყოველ ჯერზე დაირღვა.

ამას გარდა, სუდანის მოვლენებთან დაკავშირებით, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში არაბთა ლიგის შეხვედრა გაიმართება.

საუდის არაბეთის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე დასწრების თანხმობის მიუხედავად, მხარეები ხაზს უსვამდნენ, რომ ისინი ცეცხლს ჰუმანიტარული დერეფნებისთვის წყვეტდნენ და არა დაპირისპირების დასასრულებლად.

სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) მეთაურმა, მუჰამედ ჰამდან დაგლომ დაადასტურა, რომ მისი ჯგუფი ამჟამინდელ მოლაპარაკებებს ესწრება. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ მიაღწევენ დასახულ მიზანს "დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტა, გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები და სუდანელი ხალხის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფა მოხდეს".

დაგლოს და მის მოწინააღმდეგეს, სუდანის არმიის გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანს დადებული აქვთ პირობა, რომ ბოლომდე იბრძოლებენ.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა.

13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

შეტაკებებს ამ დრომდე 700-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. ათასობით ადამიანი დაიჭრა.

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს.

კომენტარები