შეტაკებები სუდანში

სუდანში დაპირისპირებულები მომდევნო 7 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სუდანში დაპირისპირებული მხარეები ახალ და ხანგრძლივ შვიდდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი უკანასკნელი შეთანხმება მალევე დედაქალაქის რეგიონში საჰაერო თავდასხმებით დაირღვა.

წინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები 24-72 საათამდე მერყეობდა, მაგრამ მუდმივად ირღვეოდა კონფლიქტში, რომელიც სუდანში აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო არმიასა და გასამხედროებულ ძალებს შორის.

არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო შეთანხმება აშშ-სა და საუდის არაბეთის შუამავლობით შედგა.

ცეცხლის შეწყვეტის მიზანი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა, რათა მოქალაქეებს საჭირო რესურსი მიაწვდინონ და მოხერხდეს მათი შედარებით უსაფრთხო გარემოში გადაყვანა. 

მას შემდეგ, რაც სუდანის დედაქალაქ ხართუმში 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო, მოვლენებს, სულ მცირე, 420 მშვიდობიანი პირი ემსხვერპლა.

გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

კომენტარები