რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: თუ უკრაინა რუსეთთან დამარცხდება, ჩინეთი შესაძლოა ტაივანში შეიჭრას

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი
Fotorzepa, Jakub Czermiński

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, თუკი უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება, ეს ჩინეთს წაახალისებს, რომ ტაივანში შეიჭრას.

"ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინა დაეცემა, მეორე დღეს ჩინეთმა შესაძლოა ტაივანს შეუტიოს". - აღნიშნავს მორავიეცკი. 

მორავიეცკის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომსა და ტაივანის გარშემო არსებულ სიტუაციებს შორის ის ბევრ კავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებას ხედავს.

16-18 აპრილიდან ჩინეთი ტაივანის ჩრდილოეთით საჰაერო სივრცის ჩაკეტვას გეგმავს, რაც რეგიონის მასშტაბით ფრენების შეფერხებას გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.


გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი ტაივანის გარშემო 3-დღიან სამხედრო წვრთნებს იწყებდა. მანამდე, პეკინის მუქარის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა.

ჩინეთის განცხადებიდან მალევე, ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ აღმოაჩინეს სულ 42 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი ტაივანის სრუტეზე, რომელიც კუნძულს ჰყოფს ჩინეთის მატერიკიდან. სამინისტროს განმარტებით, 29 ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა შუა ხაზი სრუტეში საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში.

ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი საბრძოლო წვრთნების დასრულების შემდეგ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ საბრძოლველად მზად არიან

"შეიარაღებული ჯარები მზადაა, ნებისმიერ დროს იბრძოლოს "ტაივანის დამოუკიდებლობის" ნებისმიერი ფორმისა და უცხოური ჩარევის მცდელობების დასაძლევად". - ნათქვამია ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

კომენტარები