სასამართლო კლანის სანქცირება

ქადაგიძე: მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში – დიდი მადლობა ბატონ ირაკლის

კადრი ვიდეოდან / მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს მიერ მოსამართლეთა სანქცირების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძესა და მოსამართლეებს შეხვდა. ნინო ქადაგიძემ შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ საჭიროა მთავრობა რიგ საკითებში ჩაერიოს.

"დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, რომ მისი მხარდაჭერა და თანადგომა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლოს სისტემისთვის". – თქვა ქადაგიძემ.

5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქციები დაუწესდათ მათი ოჯახის წევრებსაც. 

როგორც აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განმარტა, სანქცირებული პირები ხელს უშლიდნენ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.

კომენტარები