რუსული კანონი

ვოლსკი: აქციაზე არავინ გარდაცვლილა – მხედველობის დაკარგვაზე გარკვეული კითხვები არსებობს

"სისხლი არ დაიღვარა" – ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების დარბევის შესახებ კითხვას. მისივე თქმით, აქციის მონაწილე ზაზა ბიღიაშვილის მხედველობის დაკარგვის შესახებ "გარკვეული კითხვები არსებობს".

"ლოიალური დამოკიდებულება თუნდაც პოლიციური ოპერაციისა, რომელიც 8 მარტს ვიხილეთ, არის გასაკვირი მათთვის და რასაკვირველია, რაც მეტი იქნება დაძაბულობა, მით ძლიერი იქნება ოპოზიციის მცდელობა, ხელისუფლება რაღაც მონსტრად წარმოადგინოს. ანუ დააბრალოს იგივე, რაც თვითონ იყო ყოველთვის. რეალურად ეს სურათია, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, ეს არ ხდება, სისხლი არ დაიღვარა, ადამიანი არ მომკვდარა, არავინ არ გარდაიცვალა.

გადავხედოთ რა სიტუაციას, ზოგადად, ამ მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებითაც გარკვეული შეკითხვები არსებობს. პიროვნებებზე ნუ გადაგვყავს საქმე. რეალურად, სიკვდილის მოთხოვნა, ორი გვამის მოთხოვნა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, დღის წესრიგშია". – თქვა ვოლსკიმ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალები მოქალაქეთა წინააღმდეგ 2 დღის განმავლობაში წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსა და სხვა საშუალებებს იყენებდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზაზა ბიღიაშვილის თქმით, მან მიღებული დაზიანების გამო მხედველობა დაკარგა. დარბევის დროს დაშავდა ათობით მოქალაქე.

კომენტარები