Credit Suisse

UBS-ის მიერ CREDIT SUISSE-ის ყიდვა სტაბილიზაციისთვის აუცილებელი იყო — ფინანსთა მინისტრი

შვეიცარიის ფინანსთა მინისტრის, კარინ კელერ-სუტერის თქმით, UBS-ის მიერ Credit Suisse-ის ყიდვა შვეიცარიის საბანკო სისტემის კრიზისის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო. 

"Credit Suisse-ი ორშაბათს ვერ გაუძლებდა". - თქვა მან შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში

შვეიცარიის ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საგანგებო კანონის გამოყენება ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის შეერთების დასაშვებად სიტუაციის სტაბილიზაციისთვის იყო საჭირო. 

გასულ კვირას შვეიცარიის ხელისუფლებამ UBS აიძულა, დაჩქარებით, 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის სანაცვლოდ თავისი დიდი ხნის შიდა კონკურენტი Credit Suisse ეყიდა.

ამ ნაბიჯის გასამართლებლად, რამაც Credit Suisse-ის აქციონერების უკმაყოფილება გამოიწვია, კელერ სუტერი აღნიშნავს, რომ ფედერალურმა მთავრობამ გადადგა მხოლოდ ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც სტაბილიზაციისთვის სრულიად აუცილებელი იყო. 

"ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა, ორშაბათს Credit Suisse-ის აქციების ღირებულება განულდებოდა და აქციონერები სახლში ხელცარიელი წავიდოდნენ". - დასძინა მან. 

გასულ კვირას, შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა

Credit Suisse-ის შეძენის შედეგად, მისი ინვესტორები UBS-ისგან მიიღებენ მხოლოდ 0.76 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტს იმ აქციებისთვის, რომლებიც პარასკევს, 17 მარტს, 1.86 შვეიცარიულ ფრანკი ღირდა.

UBS-ის აქციონერებს, ჩვეულებრივ, ექვსი კვირა აქვთ გარიგების განსახილველად და შესაბამისად, ხმის მისაცემად, მაგრამ ამის მიუხედავად, შვეიცარიის ხელისუფლებამ კანონის იმგვარად მოდიფიცირება შეძლო, რომ აქციონერთა მხრიდან გარიგებისთვის ხმის მიცემის აუცილებლობას ბანკმა თავი აარიდა.

დეტალურად წაიკითხეთ აქ: Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

კომენტარები