გერმანია-საქართველო

დაირღვა თუ არა პროტოკოლი ბერბოკის დახვედრისას?

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გუშინ, 23 მარტს თბილისში ჩამოვიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანალენა ბერბოკი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 

ბერბოკს, რომლის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, აეროპორტში მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე დახვდა. ეს აჩენს კითხვას - იმით, რომ ანალენა ბერბოკის უშუალო კოლეგა (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი) არ იყო აეროპორტში, დაარღვია თუ არა საქართველოს მთავრობამ პროტოკოლი? 

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, საზღვარგარეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას განისაზღვრება როგორც ოფიციალური, ისე სამუშაო, გავლითი და არაოფიციალური ვიზიტები. თითოეულ ვიზიტს განსხვავებული დახვედრის ფორმა აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბერბოკის ვიზიტი ოფიციალურია. ბრძანებულების მეთხუთმეტე მუხლის თანახმად, ოფიციალური ვიზიტისას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება და აცილებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. 

1. საზღვარგარეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროს აეროპორტში დახვედრისას და გაცილებისას გამოიფინება შესაბამისი ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები, დაიფინება ფიანდაზი.

2. აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან და აცილებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი სტუმრის ქვეყანაში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი, საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკები, შესაბამისი ქვეყნის ელჩი საქართველოში (თუ სტუმარი ჩამობრძანდება მეუღლითურთ, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება და აცილებს მას მეუღლესთან ერთად). დახვედრაში მონაწილეობენ საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოს დიპლომატები. სხვა დამხვედრ პირთა შემადგენლობა განისაზღვრება დელეგაციის წევრთა და თანმხლებ პირთა შემადგენლობისა და პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით.

მუხლი 15, თავი V

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბერბოკს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არ დახვედრია, შესაძლებელია, ითქვას, რომ პროტოკოლი დაირღვა. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ამ დროს საქართველოში არ იყო. 

ტაბულა ესაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ დარჩიაშვილი გუშინ, ბერბოკის ჩამოსვლისას ბრიუსელიდან ბრუნდებოდა.   

დარჩიაშვილი 22 მარტს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ხვდებოდა.

გერმანული გამოცემის Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავს, რითაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მგზავრობდა, თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა. გამოცემის ცნობით, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი განსაზღვრულ დროს აეროპორტში ვერ დაეშვა, რადგან საფრენ ზოლს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა. მეორე ცდისას პილოტი ინციდენტის გარეშე დაეშვა. 

საქაერონავიგაციამ "კატეგორიულად" უარყო Spiegel-ის ინფორმაცია, რომ ანალენა ბერბოკის სამთავრობო თვითმფრინავს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. საქაერონავიგაციის მტკიცებით, "დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, ეს იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. 

კომენტარები