საქართველო-გერმანია

საქაერონავიგაცია: ტყუილია, რომ ბერბოკის ბორტს პრობლემა სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა

საქაერონავიგაცია "კატეგორიულად უარყოფს" გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის სამთავრობო თვითმფრინავს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა.

"დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება" - აცხადებს საქაერონავიგაცია.


გერმანული გამოცემის Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავს, რითიც საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მგზავრობდა, თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა. 

გამოცემის ცნობით, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი განსაზღვრულ დროს აეროპორტში ვერ დაეშვა, რადგან საფრენ ზოლს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა. მეორე ცდისას პილოტი ინციდენტის გარეშე დაეშვა. 

ბერბოკი ჩრდილოეთ მაკედონიიდან Airbus A340-300-ით მოფრინავდა და თბილისში 23:00-ისთვის უნდა ყოფილიყო. შექმნილი პრობლემის გამო პილოტმა კიდევ ერთი წრე გააკეთა და აეროპორტში დაფრენა 20 წუთით გვიან შეძლო.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური ვიზიტები დღეს, 24 მარტს დაიწყო. 

კომენტარები