რუსული კანონი

ხვალ, 12:00-ზე პარლამენტმა პლენარული სხდომა ჩანიშნა

ტაბულა

ხვალ, 10 მარტს, 12:00-ზე საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ჩაინიშნა. იქამდე, 11:45-ზე ბიუროს სხდომა გაიმართება. ჯერ კიდევ დილით, პარლამენტის აპარატი აცხადებდა, რომ აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან "ძალადობრივი ქმედებების შედეგად" ზიანი მიადგა შენობასა და ინფრასტრუქტურას. მათივე ცნობით, "ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით", მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიხმეს და მას მეორე მოსმენით ჩააგდებენ. მათივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა უკვე გაიწვიეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელიც მხოლოდ კომიტეტების დონეზე იყო მხარდაჭერილი. საქართველოს პარლამენტი ავრცელებს შალვა პაპუაშვილის წერილსაც, რომელიც მან ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს გაუგზავნა.

ქართული ოცნების დაპირების მიუხედავად, პარლამენტთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ, სასწრაფოდ დაენიშნა პარლამენტს პლენარული სხდომა და გაეთავისუფლებინა 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული 133 პირი. დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ადამიანი გაათავისუფლა.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

კომენტარები