რუსული კანონი

პარლამენტის აპარატი: შენობას ზიანი მიადგა, ამ კვირაში პლენარული სხდომები აღარ გაიმართება

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან "ძალადობრივი ქმედებების შედეგად" ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას. აპარატის განცხადებით, "ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება".

"ზარალის აღწერის, მიყენებული ზიანის აღდგენის, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წლის 9-10 მარტს  იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიაზე და პარლამენტის წევრებზე.

შენობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ, დაიშვებიან აპარატის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ზიანის აღწერასა და აღდგენაში. ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება" - აცხადებს პარლამენტის აპარატი.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონპროექტები, რომლებმაც საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების მიზანი, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლას და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას ემსახურება – იქნება ეს მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.

კომენტარები