საქართველო-ევროკავშირი

მდინარაძე EU-ს ელჩზე: არ შეიძლება, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს თითი დაუქნიოს

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "აგენტების კანონთან" დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები შეაფასა. მდინარაძის თქმით, ვინც არ უნდა იყოს, არ შეიძლება, რომ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს თითი დაუქნიოს.

"არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავატაროთ და ესეც უნდა გავბედოთ, რომ თავისი სახელი დავარქვათ. გავბედოთ, რომ არ შეიძლება, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს უთხრა, რომ თუ შენ რაღაცაზე გადაწყვეტილებას მიიღებ და მწვანე ღილაკს ხელს დააჭერ, ეს და ამაზე თითი დაუქნიო, მოკლედ, შინაარსში აღარ შევალ. ვინც არ უნდა იყოს, არ შეიძლება, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს თითი დაუქნიოს და უთხრას, რომ აი, შენი გადაწყვეტილებით ასეაო. პირველ რიგში, ნებისმიერი დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი. მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ქართველი ხალხისა და ჩვენი ამომრჩევლის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, სანამ ცოცხლები ვიქნებით". - თქვა მდინარაძემ TV იმედის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ხალხის ძალის მიერ "უცხოური აგენტების" შესახებ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ პარლამენტში დისკუსიის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დისკუსია, რომელიც ევროკავშირის ელჩებსა და თავმჯდომარეს შორის შედგა, არ იყო მარტივი.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება [2022 წლის] ივნისში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ დასახლებული 12 პუნქტიდან მინიმუმ 2-ს." - თქვა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩის თქმით, "უცხოური აგენტის შესახებ" წარდგენილი ინიციატივა ჯერ კანონპროექტიც არ არის, შესაბამისად ელჩი იმედოვნებს, რომ ის კანონად არ გადაიქცევა.


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები