კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარესთან დისკუსია არ იყო მარტივი – ჰერჩინსკი "აგენტების" კანონზე

პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ხალხის ძალის მიერ "უცხოური აგენტების" შესახებ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ პარლამენტში დისკუსიის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დისკუსია, რომელიც ევროკავშირის ელჩებსა და თავმჯდომარეს შორის შედგა, არ იყო მარტივი.

"ახლახან დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მე აქ ვიყავი თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად. ჩვენ მოგვიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რათა აზრები გაგვეცვალა უცხოელის აგენტის კანონის შეხაებ ინიციატივაზე.

ეს არ იყო მარტივი დისკუსია, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება [2022 წლის] ივნისში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ დასახლებული 12 პუნქტიდან მინიმუმ 2-ს." - თქვა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩის თქმით, "უცხოური აგენტის შესახებ" წარდგენილი ინიციატივა ჯერ კანონპროექტიც არ არის, შესაბამისად ელჩი იმედოვნებს, რომ ის კანონად არ გადაიქცევა.

"ჩვენი აზრით, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედია არის დემოკრატიის ხერხემალი და ყველას ინტერესში უნდა იყოს რომ ისინი შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირებდნენ" - თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

 

 

კომენტარები