კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

დეგნანი "აგენტების" კანონზე: საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში ჩააგდებს

საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებულ "აგენტების" კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. დეგნანის თქმით, ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში ჩააგდებს.

"ამ საკითხში მთავარი ის არის, თუ რა არის საქართველოს ინტერესებში. ნათელია, რომ საქართველოს ამ კანონპროექტის არცერთი ვერსია არ სჭირდება. ასევე, ცხადია, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ კანონპროექტის რომელიმე ვერსიას მხარს დაუჭერს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. აქ ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს. სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს პირდაპირ საფრთხის ქვეშ დააყენებს? გაეროს ორგანიზაციამ, აშშ-მ, ევროკავშირმა და საქართველოს მეგობარმა სხვა ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, რომ ეს კანონი არ მიიღოს და მისი მიღება შეჩერდეს. იმიტომ, რომ ეს საფრთხეში ჩააყენებს, მათ შორის, იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევაც ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაზეა მიმართული. რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ, რაც გულისხმობს უსაფრთხო და წარმატებულ მომავალს. ასე რომ, კითხვა ჩნდება - რატომ? ამ კანონის მთავარი მიზანი და მიზეზი რა არის? რადგან, ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ კანონის მიღება ნამდვილად საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანია". - თქვა დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები