კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

შეუსაბამოა EU-ს სტანდარტებსა და ქვეყნის მისწრაფებებთან – შვედეთის ელჩი რუსულ კანონპროექტზე

შვედეთის ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი ივანიშვილის დეპუტატების მიერ "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან, ღირებულებებთან და საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიის განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველია. შვედეთი გააგრძელებს მათ სრულ მხარდაჭერას". - წერს ტიდესტრომი Twitter-ზე.


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

კომენტარები