ნიკა გვარამიას საქმე

მეგობრებმა, მედიის წარმომადგენლებმა დავაფუძნეთ გვარამიას თავისუფლების მოძრაობა – შენგელია

მთავარი

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მეგობრებმა და მედიის წარმომადგენლებმა მისი გათავისუფლების მოძრაობა შექმნეს. როგორც ბრიფინგისას ადვოკატმა ბაჩანა შენგელიამ თქვა, მათი მიზნის მიღწევა ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდითა და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს ევროპული მომავალი სასწორზე დევს. ის მომავალი, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რისთვისაც ოცნებობდა უამრავი ადამიანი და რისთვისაც დღეს ჩვენი გმირები უკრაინაში იბრძვიან. საფრთხეშია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე სრულიად ნათელია, რომ თავისუფალი, კრიტიკული მედია დიდ როლს თამაშობს. ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთი ზუსტად თავისუფალ მედიას ეხება. კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავებით ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა. სრულიად ნათელია, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, ვნებს ევროინტეგრაციის პროცესს და სცდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს. დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის. 

ნიკას მეგობრებმა რა სად როდის თამაშიდან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, დავაფუძნოთ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ნიკა გვარამიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში და ჩვენი პარტნიორები მუდმივად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას მაღალი ტრიბუნებიდან, რომ თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის დამფუძნებლების, მედია მენეჯერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისგან. 

გვჯერა, რომ ინტენსიური, ორმხრივი ზეწოლა აიძულებს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, გაათავისუფლოს მთავარი არხის დამფუძნებელი და შეუნარჩუნოს ქვეყანას შანსი, გახდეს დემოკრატიული, განვითარებული, პროგრესული და, რაც მთავარია, ევროკავშირის წევრი ქვეყანა.  

რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ისმოდეს უამრავი ადამიანის ხმა. შესაბამსიად, მოგმართავთ მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ ქვეყანაში იცხოვრებთ, როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ თქვენი შვილები - შემოუერთდით ამ მოძრაობას. ვისაც მიგაჩნიათ, რომ ადამიანი კრიტიკული აზრის გამოთქმის გამო აბსურდული ბრალდებით ციხეში არ უნდა იჯდეს, აუცილებლად ყველა თქვენგანის მხრიდან არის მოქმედების დრო. ევროპული მომავლისკენ გზა ყველა ჩვენგანისთვის, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის არის გასავლელი გზა.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია  დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის  220-ე მუხლის ორ (ე.წ. რეკლამის და მანქანის) ეპიზოდში, სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.  

2022 წლის 16 მაისს, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

კომენტარები