ოპოზიცია

მანჯგალაძე: ჩვენ ერთიანობაზე ფიქრი არ შეგვიწყვეტია, ზურამ თავისი პოზიცია დააფიქსირა

ჩვენ ვიყავით კოორდინაციაში, ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას, არაფერი არ შეცვლილა, არანაირი რყევა არ არის. ძალიან გააზრებული გვაქვს, რატომ ვიყავით ერთად, გააზრებული გვაქვს, რისი მიღწევა შეგვიძლია ყველას ერთად. ის, რომ ნაკლები ოპტიმიზმი აქვს რომელიღაც ჩვენს კოლეგას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტრატეგია აღმეშენებელმა ერთიანობაზე ფიქრი შეწყვიტა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ერთიანობაზე ფიქრი. ჩვენ ფიქრი არ შეგვიწყვეტია. მარტო პარტიებს არ ვგულისხმობ, აქ არის საზოგადოებისთვის ავტორიტეტული და ცნობილი ადამიანები და ჩვენ, მათ შორის, 24 თებერვლის აქციაშიც გვყავს ჩართული ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ბევრი ადამიანი. 

[...] ზურამ თავის პოზიცია დააფიქსირა. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელს ფიქრი არ შეგვიწყვეტია. ჩვენ მაინც ვაგრძელებთ, რომ ძალიან ბევრი მოკავშირე გვყავდეს იმ პროცესში, რასაც ჰქვია ევროპაში ინტეგრაცია და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვება. ჩვენ ამ პროცესზე უარი არ გვითქვამს და გავაგრძელებთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ ძალა ერთობაშია.

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პალიტრანიუსის ეთერში. გუშინ, 3 თებერვალს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ  "დიდი ოპოზიციური ერთობის" საკითხს 2024 წელს დაუბრუნდებიან. მისი თქმით, იქამდე, მეტ ძალისხმევას გაწევენ საკუთარი პარტიის გასაძლიერებლად. ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებელთან და დროასთან "ჩვეულებრივად გვექნება კოორდინაცია, როგორც აქამდე გვქონდა".

კომენტარები