გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე გირჩი TV-ის ეთერში ამბობს, რომ "დიდი ოპოზიციური ერთობის" საკითხს 2024 წელს დაუბრუნდებიან. მისი თქმით, იქამდე, მეტ ძალისხმევას გაწევენ საკუთარი პარტიის გასაძლიერებლად. ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებელთან და დროასთან "ჩვეულებრივად გვექნება კოორდინაცია, როგორც აქამდე გვქონდა".
"შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში გამარჯვების ფორმულა მაინც მანდ მგონია, რომ აქეთ მხარეს მოხდეს დიდი კონსოლიდაცია, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვა შემთხვევაში ძაან რთულია, ამას, მათ შორის სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს.
მაგრამ მოცემულობა ეგეთია, რომ ამდენი თვის იმის შემდეგ, ეხლა მაგის მოცემულობა, რაღაც მაგის პირობები, რომ ეგეთი დიდი ერთობა შეიქმნას, ჯერჯერობით არ ჩანს. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მაგ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე, მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისაკენ, რომ კონკრეტულად გირჩი მეტი თავისუფლება გაძლიერდეს" - თქვა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ რაზეც "სამეული" იყო შეთანხმებული, ძალაში რჩება.
"ჩვენ როცა ვლაპარაკობთ დამოუკიდებელ თამაშზე, ეგ არ ნიშნავს, რომ რაღაც პროცესებზე არ გვექნება კოორდინაცია, მათ შორის იგივე დროასთან და სტრატეგიასთან, საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას და სტატუსის მიღებას, ამაზე ვიყავით ჩვენ შეთანხმებული და ეს შეთანხმება ისევ ძალაშია. ან როცა ეხება უკრაინის თემას, ჩვეულებრივად გვექნება კოორდინაცია, როგორც აქამდე გვქონდა" - ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი.
2 თებერვალს, პარტიის წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ მისი და მისი პარტიის გადაწყვეტილება მკაფიოა - "გირჩი ვაპირებთ, ვიყოთ გირჩი". ამის შემდეგ, გირჩი მეტი თავისუფლების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ბორის ყურუამ დაწერა, რომ "რაღაც საკითხებში ჩვენსკენ მყოფ ხალხთან ვითანამშრომლებთ და დავეხმარებით ერთმანეთს, ასეთი ამბავია 24 თებერვლის აქცია მაგალითად. მაგრამ არჩევნებზე ერთად გასვლა, ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანება და ა.შ. არ განიხილება".
სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა "ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და დეოლიგარქიზაციის მიზნით" კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე გასული წლის ოქტომბერში შეთანხმდა. პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ გაერთიანების გარეშე ქართული ოცნების რეჟიმის დამარცხება "უკიდურესად რთულია" და "სხვებიც ნახავენ, რომ სხვა ალტერნარტივა არ არსებობს".