ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ს კასპის ორგანიზაცია თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე მხარს ნიკა მელიას უჭერს.  ისინი აცხადებენ, რომ ახლა შიდა არჩევნების ჩატარების დრო არ იყო. 

"მაშინ როდესაც ქვეყანაში არაერთი გამოწვევაა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების და ჯანმრთელობისთვის გვაქვს საბრძოლი, არ იყო დროს პარტიაში შიდა არჩევნები ჩატარებულიყო. თუმცა ამ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ბრძოლის ველზე უნდა გავიდეთ და შესაბამისად ჩვენი რაიონული ორგანიზაცია, თითოეული აქტივი, ამომრჩეველი, სრულად მხარს ვუჭერთ, ბატონ ნიკანორ მელიას".- აცხადებენ ენმ-ის წევრები. 

თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარს ასევე უჭერს ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაც. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კირთაძემ გამართულ ბრიგინგზე თქვა, აჭარის ორგანიზაციაში მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნება, რომელსაც მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს.

ნიკა მელიას მხარს უჭერს ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციაც. ამის შესახებ ბრიგინგზე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ბასილაიამ ისაუბრა. მისი შეფასებით, მაშინ, როდესაც პარტია იბრძვის ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ციხეში არიან, ენმ-ში არჩევნებს არ მიესალმებიან. ბასილაის სიტყვებით, მათ აქვთ ვალდებულება, პოლიტპატიმრებზე იფიქრონ, თუმცა, "სამწუხაროდ, დადგა სხვა რეალობა". 

ნიკა მელიას მხარს უჭერს ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციაც. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კილაძემ თქვა, ქუთაისის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნება, რომელსაც გაგა მანაგაძე უხელმძღვანელებს, საორგანიზაციო მდივანი კი პაატა ღაჭავა იქნება. 

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

კომენტარები