EU-ს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

კობახიძემ ამანპურის კითხვაში მეორე ფრონტის გახსნის მსურველი "ძალა" დაინახა

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ CNN-ის ჟურნალისტის, კრისტიან ამანპურის მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმულ კითხვაში მეორე ფრონტის გახსნის მსურველი ძალა დაინახა.

"CNN-ზე ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა იყო, სადაც CNN-ის ჟურნალისტი [The New York Times-ში გამოქვეყნებულ] "ფეიკ" სტატიაზე დაყრდნობით უსვამს კითხვას ურსულა ფონ დერ ლაიენს, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები.

ეს ხომ CNN-ია და არა ტვ პირველი ან მთავარი არხი - ნაცმოძრაობის ჯიბის ტელევიზიები. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. მიზანი ხელოვნურად პრობლემების შექმნის შეიძლება იყოს ერთადერთი, ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის საბოლოო შედეგი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი". - თქვა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

CNN-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების საკითხი განიხილა და სანქციებისთვის გვერდის ავლის მაგალითად საქართველო მოიყვანა.

"თქვენ რუსეთს სანქციების სერია დაუწესეთ, მაგრამ ჩვენამდე აღწევს ინფორმაცია (და დარწმნუნებული ვარ, ის თქვენამდეც მოვიდოდა), რომ აკრძალული საქონელი სანქციებისთვის გვერდის ავლით მაინც მიეწოდება რუსეთს. განსაკუთრებით, თუ უკანასკნელ ცნობებს დავუჯერებთ, საქართველოს გზით. როგორ უნდა შეაჩერო სანქცირებული რუსეთი, რათა არ მიიღოს ის, რაც სჭირდება"? - ჰკითხა ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს. 

კომენტარები