მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მომდევნო სხდომები 17 და 20 იანვარს ჩაინიშნა

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს ჩატარდება. სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ პროცესზე ამერიკელი გასტროენტეროლოგი, სტიუარტ ფინკელი დაკითხეს. ასევე, სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, მოწმის სახით დასაკითხთა სიაში დაემატოს კლინიკა ვივამედის ექთანი, ნინო პანტიაშვილი.

წინა სასამართლო სხდომაზე, 9 იანვარს დაიკითხა ამერიკელი ნევროპათოლოგი, შაჰინ ლაჰანი, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დაავადებები მისთვის სასჯელის მოხდისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. აგრეთვე, მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.

დეკემბრის ბოლოს, სასამართლოში ასევე დაიკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომელმაც თქვა, ის თვლის, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა ვივამედში გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება. 

კომენტარები