მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ადვოკატი: მთავრობა ბუზისგან სპილოს ქმნის, სტრასბურგი საჩივარს არსებითად განიხილავს

მიხეილ სააკაშვილი

"საქართველოს მთავრობა ცდილობს, ბუზისგან სპილოს შექმნას და ამის საფუძველი არ არსებობს" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ იუსტიციის მინისტრის ბრიფინგთან დაკავშირებით თქვა. ცოტა ხნის წინ რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების სახით ვარშავაში გადაყვანაზე უარი უთხრა.

შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ ეს არის ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება და სტრასბურგი  მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საჩივარს არსებითად განიხილავს.

"ეს გახლდათ ე.წ დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება. ანუ დაცვის მხარემ ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტი, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები.

ე.წ დროებითი ღონისძიება სწორედ ერთერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხზე, ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, როგორც მინიმუმ მანამ, სანამ არ დასრულდება საჩივრის განხილვა.

ანუ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლდათ სწორედ ეს, რომ სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, უფრო სწორად, დაწყებამდეც კი, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთერთ დედაქალაქში.

ეს პროცედურული ნაწილია მხოლოდ. მთავარი ამ საკითხში გახლავთ საჩივრის არსებითი განხილვა, ევროსასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს, არსებითად განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ამის შემდეგ...

ამასთანავე, უნდა ითქვას ის, რომ ბუნებრივია, ევროსასამართლო სახელმწიფოს არ და ვერ დაავალებდა იმგვარ ქმედებას, რასაც დაცვის მხარე არ ითხოვდა. ჩვენი მოთხოვნა  არცერთ ეტაპზე არ ყოფილა გადაყვანა საქართველოს რომელიმე სხვა კლინიკაში და არარსებულ მოთხოვნაზე მითითება უსაფუძვლოა" - ამბობს თუთბერიძე.

ადვოკატის მტკიცებით, ევროსასამართლოს "არცერთი წუთით შეუტანია ეჭვი არც სააკაშვილის მდგომარეობის სიმძიმეში, არც მინიშნება აგაუკეთებია, რომ სააკაშვილი კარგად არის და არცერთი წუთით არ უთქვამს, რომ სააკაშვილის უფლებები არ ილახება". 

"ერთადერთი, სასამართლომ თქვა, რომ მანამ, სანამ საჩივარს განიხილავს, მიზანშეუწონლად მიაჩნია, საქართველოს მთავრობას დაავალოს დაუყოვნებლივი გადაყვანა სხვა ქვეყანაში, მათ შორის, სამკურნალო მიზნით, ეს არის სულ" - თქვა თუთბერიძემ და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, "საბოლოო და სამართლებრივი კუთხით გამარჯვება ექნება საქართველოს მესამე პრეზიდენტს".

11 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. მაშინ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ თქვა, რომ იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე, ის დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავს შეიკავებდა.

"შემიძლია, გითხრათ, რომ პრეზიდენტის საქმე უკვე სტრასბურგშია. დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებთ. რა მოთხოვნით და როდის არის შესული, ამაზე საუბარს მოვერიდებით. იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენ თავს შევიკავებთ და არ ვიტყვით, რა ფორმის არის საჩივარი, რა მოთხოვნა არის და არის თუ არა ამ საჩივარში 39-ე მუხლის შესახებ მოთხოვნა. ქართულმა ოცნებამ ეს იცის და საქმის სამართლებრივად წარმართვისთვის ეს სრულად საკმარისია". - ამბობდა ჩალაძე.

კომენტარები