ილია II

კირილი ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს, თუმცა სრული ტიტულით არ მოიხსენიებს

ილია მეორე და კირილი
patriarchia.ru

რუსეთის პატრიარქმა, კირილმა ილია II-ს დაბადების დღე მიულოცა, თუმცა მისი ტიტულატურა ბოლომდე კვლავ არ მოიხსენია.

"მის უწმიდესობასა და უნეტარესობას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს". – წერია მისალოცი ტექსტის შესავალში. 

მის უწმიდესობასა და უნეტარესობას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს.

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესო, ღვთის სიყვარულში თანამოძმევ და თანამსახურო! გულით გილოცავთ აღსანიშნავ თარიღს, თქვენს 90 წლის იუბილეს.

თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობის ცხოვრების გზა განუყრელადაა კავშირში ქრისტესთან, რომელიც ყრმობიდან გიყვართ. ეკლესიის დევნის დაუნდობელ დროს თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა. წმინდა სერგის დიდ კელიაში სულიერი განათლების მიღების შემდეგ, თქვენ შეუდექით ივერიის ეკლესიის კეთილდღეობისთვის გულმოდგინე შრომას, რითაც უფლის ნაბოძები ძღვენი გაამრავლეთ. ქრისტეს დიდებისადმი თქვენი მოწიწებისა და თავგამოდების დანახვის შედეგად, თანამეუფეებმა აგირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

მრავალი წლის განმავლობაში ბრძნულად განაგებდით თქვენთვის მინდობილ ხვედრს, სამწყსოს ევლინებოდით ხატად ღირსეული პირველი იერარქისა, რომელსაც მოეთხოვება იყოს უბიწო, როგორც მნე ღვთისა, სიკეთისმოყვარე, სამართლიანი და ღვთისმოსავი (ტიტ. 1.7-8). თქვენი მდიდარი გამოცდილება, როგორც ამქვეყნიური, ისე სულიერი, რომელსაც ყოველ თქვენთან მოსულს გულუხვად უზიარებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძვირფას ქონებად გვევლინება.

მხურვალე ლოცვით ამ დღეს თქვენს უწმიდესობასა და უნეტარესობას ვუსურვებ ღვთის გულუხვ წყალობას, მშვიდობას, ბედნიერებასა და ძლიერებას მრავალი წლის განმავლობაში". – წერია მისალოც წერილში.

რუსეთის პატრიარქი კირილი ილია II-ს სრული ტიტულატურით არ იხსენიებს ხოლმე. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მან მოიხსენია მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის ტიტული, თუმცა გამოტოვა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული.

ილია II-ს სრული ტიტული შემდეგნაირია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. ეს ტიტულატურა 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის დროს განისაზღვრა.

პატრიარქმა კირილმა ილია II სრული ტიტულით არც 2013 და 2018 წლებში, 80 და 85 წლის იუბილეების მილოცვის დროს მოიხსენია, მაგრამ კირილი ამ მიმართვებში მხოლოდ უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იყენებდა.

ბოლოს პატრიარქმა კირილმა ილია II-ს ტიტულატურა არასრულად კასპის ეპისკოპოსი დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამძიმრის წერილში მოიხსენია. მან ტიტულატურად დააკლო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობა, თუმცა ნახსენები ჰქონდა მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის ტიტული.

კომენტარები