ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთის პატრიარქმა წერილში ილია II-ს ბიჭვინთის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული მოაკლო

ილია II-სა და კირილის შეხვედრა კიევში, 2011 წლის 26 ივლისი
რუსეთის საპატრიარქო

რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქისთვის, ილია II-სთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში საქართველოს კათოლიკოსის ტიტული სრულად არ მოიხსენია. 

კირილმა წერილში არ ახსენა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული.

"მის უწმიდესობას და უნეტარესობას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს". – ეწერა წერილში. 

ილია II-ს სრული ტიტული შემდეგნაირია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. ეს ტიტულატურა 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის დროს განისაზღვრა.

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპვა საქართველოს საპატრიარქომ 30 ივლისს დაადასტურა. რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამძიმრის წერილი 1-ელ აგვისტოს გამოაქვეყნა. საქართველოს საპატრიარქოს წერილისთვის არ უპასუხია. 

პატრიარქმა კირილმა ილია II სრული ტიტულით არც 2013 და 2018 წლებში, 80 და 85 წლის იუბილეების მილოცვის დროს მოიხსენია, მაგრამ კირილი ამ მიმართვებში მხოლოდ უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იყენებდა. ამჯერად კირილმა ახსენა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ტიტული, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი კი – არა.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა იგეგმება. მარიონეტი რეჟიმისა და მოსკოვის შეთანხმების მიხედვით, რუსეთს უსასყიდლოდ გადაეცემა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი, 180 ჰექტარი მიწა და მიმდებარე აკვატორია.

კომენტარები