ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს იუბილეს ვულოცავ. თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და აღორძინებაში ფასდაუდებელია.
თქვენი ცხოვრების გზა ქართველი ერისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითოა, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყნის გადარჩენის გზა სცდება პოლიტიკას და ხსნა სულიერებასა და სწორ ღირებულებებშია. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მაშინ აირჩიეთ ქრისტეს გზა, როცა ეკლესიას დევნიდნენ და თქვენი სიმტკიცით, რწმენით, სიმშვიდითა და კაცთმოყვარეობით შეძელით ერში რწმენა და მადლი გაგემრავლებინათ.
ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა ძალას გვაძლევს, მყარად ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, უფლისა და თქვენი ლოცვის იმედით. თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ მხნეობასა და დღეგრძელობას.
მჯერა, თქვენი ლოცვა შეგვეწევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გზაზე.