აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლის პროცესი

მედია: რუსეთს ამერიკელი პატიმრის, პოლ უილანის ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს

მარცხნივ - ვადიმ კრასიკოვი, მარჯვნივ - პოლ უილანი

მედიაში კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთს, აშშ-სთან პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი და CNN-ი ავრცელებენ.

"სიტუაციასთან ახლოს მყოფმა წყარომ თქვა, რომ რუსეთს ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლება სურს". – წერს გამოცემა Reuters-ი. 

გასულ დღეებში აშშ-მ რუსეთს, ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრაინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, რუსი იარაღით მოვაჭრე, ვიქტორ ბუტი გადასცა. რუსეთის პატიმრობაში დარჩა ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, პოლ უილანი, რომელიც 2020 წელს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და ციხეში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ-ს თეთრი სახლიდან რუსეთის წარმომადგენლებს პოლ უილანის საკითხთან დაკავშირებული შეხვედრა ამ კვირაში გაიმართება. 

გრაინერისა და ბუტის გაცვლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, შესაძლოა, პატიმრების მორიგი გაცვლაც შედგეს.

კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის. CNN-მა ჯერ კიდევ ამ წლის ივლისში გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ ვიქტორ ბუტის გარდა კრასიკოვსაც ითხოვდა. როგორც გამოცემა წერდა, ამის შესახებ მოსკოვმა ვაშინგტონს არაფორმალური გზებით შეატყობინა. ამას გარდა, CNN-ი წერდა, რომ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს წარმომადგენლებმა გერმანიის მთავრობას ჩუმად მიმართეს, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი, გაცვლის შეთანხმებაში კრასიკოვის ჩართვა. ეს ინფორმაცია CNN-თან გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა აგვისტოში დაამტკიცა. თუმცა, როგორც CNN-მა დღესაც აღნიშნა, ეს სერიოზულ შეთავაზებად აღქმული არ ყოფილა.

კრასიკოვის საკითხთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა CNN-თან თქვა, რომ მსგავს საკითხებზე საჯაროდ არ საუბრობენ.

ასევე, როგორც CNN-ის ჟურნალისტი ამბობს, ის დაუკავშირდა კრემლის სპიკერს, დმიტრი პესკოვს, რომელმაც კრასიკოვთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მსგავსი მოლაპარაკებები, წარმატებისთვის, აბსოლუტურად ჩუმად უნდა შედგეს.


ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი იყო. 

მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილეა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", – ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: რუსეთის შურისძიება - ზელიმხან ხანგოშვილის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია.

კომენტარები