საქართველოს საპატრიარქო

მეუფე ზენონი: მეუფე შიოს სტატუსი იწყება მას შემდეგ, რაც ეკლესიის მეთაური ტახტს ტოვებს

"მეუფე შიოს სტატუსი იწყება მას შემდეგ, რაც ეკლესიის მეთაური ამთავრებს მმართველობას, ან ტოვებს ტახტს რაიმე მიზეზით" – თქვა დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მიტროპოლიტობიდან ჩამოშორებულმა მეუფე ზენონმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოზე საუბრისას.

"მანამდე მისი ამ სტატუსით დოკუმენტების წარმოება არის ორხელისუფლებიანობის დემონსტრირება. ეს კატეგორიულად მიუღებელია საეკლესიო წესრიგისთვის.მისთვის მითქვამს კიდეც ეს თავის დროზე, ჩემთვისაც გამოუგზავნია ასეთი წერილი. ეს სტატუსი ჩემი აქტივობით შეიცვალა სინოდის სხდომაზე იმიტომ, რომ ძალიან აბსურდული სტატუსით იყო წარმოდგენილი – კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის სახით, ეს იყო კიდევ უფრო დიდი აცდენა. მოსაყდრეობა ნიშნავს არჩევნების ჩატარებას მომავალ საპატრიარქო კანდიდატთან დაკავშირებით. მას შეუძლია თვითონაც იყოს კანდიდატი და მოსაყდრეობა არ არის გარანტია პატრიარქობის, არც ტრამპლინი". – თქვა მეუფე ზენონმა ფორმულას ეთერში საუბრისას.

18 ნოემბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული, რომელიც ამ დრომდე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას მართავდა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ შექმნილმა კომისიამ ეპარქიის მართვას ჩამოაშორა და ის მხოლოდ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიას უმწყემსთავრებს. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა საპატრიარქომაც.

მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო უპირისპირდებოდნენ.

მეუფე ზენონის თქმით, ემორჩილება პატრიარქ ილია მეორის ხელმოწერას დოკუმენტზე, რომლითაც ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან ჩამოაშორეს.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მრევლის ნაწილსა და მღვდელმთავარს შორის კონფლიქტი თვეებია გრძელდება. მორწმუნეთა ეს ჯგუფი მღვდელმთავარს რამდენიმე კანონიკურ და ზნეობრივ ბრალდებას უყენებს. ტაბულას ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ვინ ჩაიბარებს ეპარქიის მართვას დროებით.

კომენტარები